პოლიგლოტების ხანაში შევდივართ
სხვადასხვა ენის ათვისება უფრო ადვილია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ, წერს ნილ მედენი
თუ ვინმემ გითხრათ „flisni me mua", ნეტავ თუ იცით, რას ნიშნავს, ან თუნდაც რა ენაა? ევროპის ენობრივი მემკვიდრეობა, რომელიც დაახლოებით 225 ენას ითვლის მდიდარი და მრავალფეროვანია; სწორედ ეს არის ის ფაქტი, რომელიც ზეიმით უნდა აღინიშნოს. მაგრამ რამდენად ეხერხებათ ევროპელებს მათი ახლო (და არცთუ ახლო) მეზობლების ენების შესწავლა? ბევრი ევროპელი შეიძლება ფიქრობდეს, რომ ცხოვრების მონოლინგვურად გატარება არის ნორმა. თუმცა მსოფლიოს მოსახლეობის ნახევრიდან ორ მესამედამდე გარკვეულწილად ბილინგვია, ხოლო გაცილებით მეტი - „პლურილინგვი“ (მრავალენოვანი), ანუ ისინი რამდენიმე ენას გარკვეულ დონეზე ფლობენ (გაგების და/ან წერის და/ან საუბრის უნარი...).
პლურილინგვიზმი (მრავალენოვნება) ადამიანის ბევრად უფრო ნორმალური მდგომარეობაა, ვიდრე მონოლინგვიზმი. მილიონობით ადამიანი ფიქრობს, რომ არ იცის რომელიმე ენა გარდა მშობლიურისა, თუმცა, სინამდვილეში ბევრი მათგანი ამა თუ იმ დონეზე ფლობს რომელიმე სხვა ენასაც. დღეს კი, ახალი ენის შესასწავლად განსაკუთრებით ბევრი შესაძლებლობა არსებობს, მეტი, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
ენების შესწავლის მნიშვნელობის წარმოსაჩენად ევროპის საბჭომ შექმნა ენების ევროპული დღე (ეედ), რომელიც ყოველწლიურად 26 სექტემბერს აღინიშნება. ეედ-ის მთავარი იდეა პლურილინგვიზმის ხელშეწყობაში მდგომარეობს. ეს იდეა არც ახალია და არც აქამდე გაუგონარი. მრავალენოვნება ყოველდღიური ცხოვრების ფაქტია აფრიკასა და აზიაში და ნორმაა ევროპის ზოგიერთ რეგიონშიც. კერძოდ, ბენელუქსისა და სკანდინავიის ქვეყნებში, ასევე ხმელთაშუა ზღვის რეგიონში. ეს სულაც არ ნიშნავს, მოსვენება დააკარგვინო ადამიანებს იმაზე ფიქრით, რომ მათ ენის მატარებლის დონეზე უნდა იცოდნენ სხვა ენები. მთავარია, რომ მათ შეძლონ უცხო ენაზე ურთიერთობის დამყარება და ერთმანეთის აზრის, საჭიროებისა და მოთხოვნების გაგება. ინგლისური ენის საერთაშორისო გავრცელება შეუქცევადი ჩანს და იქმნება შთაბეჭდილება, რომ გარკვეულ დონეზე ინგლისურის საწავლა დღეს პრიორიტეტია ენის შემსწავლელთა უმრავლესობისათვის (ევრობარომეტრის გამოკითხვის თანახმად, ყოველი მესამე ადამიანი აცხადებს, რომ შეუძლია ინგლისურ ენაზე მეტყველება).
ეს უკვე მიღწეულია და არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ მხოლოდ ინგლისურ ენაზე შევჩერდეთ. ინგლისურის გარდა, ბევრი სხვა ენა წარმოადგენს ღირებულ ინსტრუმენტს ცხოვრებისეული გამოცდილების გასამდიდრებლად, იქნება ეს სამუშაოსა თუ უბრალოდ მოგზაურობასთან დაკავშირებული. გლობალიზებული მსოფლიოს ერთი ირონიული ასპექტი შესაძლოა ინგლისური ენის განსაკუთრებული მნიშვნელობის დაკარგვაში გამოვლინდეს. რაც უფრო მეტმა ადამიანმა იცის დღევანდელობის „lingua franca“, მით უფრო მეტ უპირატესობას ქმნის რომელიმე დამატებითი ენის ცოდნა დასაქმებისა და განათლების თვალსაზრისით. ინგლისურის, როგორც მშობლიური ენის მცოდნეებს სულ უფრო მეტი კონკურენციის გაწევა მოუხდებათ სხვა კანდიდატებთან, რომლებიც ლაპარაკობენ მშობლიურ და ინგლისურ ენებზე და ამავდროულად საკმაოდ კარგად იციან კიდევ რომელიმე მესამე ან მეოთხე ენაც. ენების ცოდნა კი ეკონომიკურ წარმატებაზე მეტის მომტანია. ის მხნეობას გვმატებს, რომ უფრო ღია ვიყოთ სხვებთან, მათი კულტურებისა და დამოკიდებულებების მიმართ და ასევე ხელს უწყობს მეტ გონებრივ მოქნილობას, რადგან საშუალებას გვაძლევს ვიმოქმედოთ რეპრეზენტაციის სხვადასხვა სისტემისა და მობილური პერსპექტივების ფარგლებში. ასევე უნდა აღვნიშნოთ ენის სწავლის მნიშვნელობა იმ მხრივაც, რომ ენის ცოდნა საშუალებას გვაძლევს ჩავწვდეთ სხვა ქვეყნების ხალხების, კულტურებისა და ტრადიციების თავისებურებებს. ადამიანი, რომელსაც შეუძლია დამაჯერებლად ეურთიერთოს სხვა კულტურების მატარებლებს, როგორც წესი უფრო ტოლერანტულიცაა. გვახსოვდეს, რომ მონოლინგვურობა ნიშნავს დამოკიდებული იყო სხვა ადამიანების ენობრივ უნარებზე და კეთილგანწყობაზე. სხვა ენის შესწავლა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ სასარგებლო უნარის შეძენა. ის გამოხატავს დამოკიდებულებას - სხვა ადამიანების იდენტობისა და კულტურის პატივისცემას, ტოლერანტობას კულტურული მრავალფეროვნების მიმართ.
ევროპის საბჭომ განახორციელა პროგრამა „ევროპული ენობრივი პორტფოლიო“, რომლის მეშვეობითაც ადამიანს თვითონ შეუძლია განსაზღვროს უცხო ენის ფლობის რომელ დონეს აკმაყოფილებს. ამ პროგრამის მიზანია ენის შემსწავლელებს გაუზარდოს მოტივაცია და წინ წამოსწიოს მათი შესაძლებლობები, რაც ეხმარება ენობრივი უნარების გაფართოებასა და გამრავალფეროვნებას ენის ფლობის ყველა დონეზე. ამასთანავე, ეს პროგრამა საშუალებას აძლევს შემსწავლელს, გამოავლინოს თუ რა ენობრივი უნარები აქვს უკვე შეძენილი და თუ კიდევ სურს ენის ფლობის დონის ამაღლება, ზუსტად გაითვალისწინოს რა უნარების შეძენა სურს მომავალში. ყოველივე ეს კი საშუალებას აძლევს მას, დაგეგმოს თავისი მომავალი ქმედებები, მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ აპირებს უმაღლესი განათლების მიღებას, ან თუ ეძებს სამუშაოს თავის სამშობლოში ან საზღვარგარეთ.
სპეციალური ტაბულებით ენის შემსწავლელებს შეუძლიათ თვითონ შეაფასონ საკუთარი თავი ექვსი ევროპული ენობრივი დონის შესაბამისად მოსმენის, კითხვის, ლაპარაკისა და წერის უნარების მიხედვით. ეს სტანდარტები მიიღო ევროპის მთავარმა სასერტიფიკაციო ორგანიზაციებმა, მათ აღიარებს მრავალი წევრი სახელმწიფო და ევროკავშირი, კერძოდ, როგორც „Europass“ (ხუთი დოკუმენტის ერთობლიობა, რომელშიც ნათლად წარმოჩნდება ადამიანის უნარები და კვალიფიკაცია, რაც მარტივად აღქმადი იქნება ევროპაში) სქემის ნაწილს. ეს არის სისტემა, რომლის მიზანია ადამიანის ინდივიდუალური უნარები უფრო გამჭვირვალე და გასაგები გახდეს წევრ ქვეყნებში. ენების ევროპული დღის ერთ-ერთი მთავარი იდეაა, განამტკიცოს აზრი, რომ ენის სწავლის პროცესი მთელი სიცოცხლის მანძილზე შეიძლება გაგრძელდეს. ბევრ ზრდასრულ ადამიანს სჯერა, რომ მათ გამოტოვეს (ან დაკარგეს) შესაძლებლობა ესწავლათ ახალი ენა ფორმალური განათლების მიღების დროს და ახლა ძალიან გვიანია ამ პროცესში ჩართვა. მაგრამ ეს ასე არ არის. ენების ფლობის დონის გასაუმჯობესებლად ევროპაში ყველგანაა ხელმისაწვდომი კურსები, პროგრამები და ტექნოლოგიები (წიგნებიდან დაწყებული კომპაქტური დისკების ჩათვლით). ხშირია პირადი მოტივაციის ნაკლებობა „ენის შიშის ფაქტორის" გადასალახად. ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც ენები შეისწავლა სკოლისა თუ უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ. ეს არც არის გასაკვირი; სკოლაში ენის სწავლება ხშირად განიხილება, როგორც უფრო ვალდებულება, ვიდრე შესაძლებლობა. ხოლო როდესაც ჩვენ ვიწყებთ გარესამყაროს შეცნობას სხვადასხვა მიზნის შესაბამისად, სამუშაო იქნება ეს თუ დასვენება, ჩვენ მაშინ ვხვდებით სხვა ენებზე მეტყველების მნიშვნელობას. წასახალისებლად იმასაც დავძენთ, რომ ყოველი დამატებითი ენის შესწავლა სულ უფრო ადვილია. ასე რომ, პირველი დაბრკოლების გადალახვის შემდგომ, იქნებ დაფიქრდეთ, ხომ არ შეეჭიდებოდით ახლა უნგრულს, ან კანტონურს, თუნდაც ძალების მოსასინჯად.
თუ გსურთ განავითაროთ თქვენი ენობრივი უნარები, ან გაიგოთ მეტი ენების ევროპული დღის შესახებ, სასარგებლო ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი ვებგვერდებიდან:
სხვათა შორის, დასაწყისში მოყვანილი კითხვის პასუხია "დამელაპარაკე" ალბანურად.
ნილ მედენი გახლავთ სტრასბურგში მცხოვრები დამოუკიდებელი ჟურნალისტი