ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება ამ ღონისძიების აღნიშვნაში?
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება ამ ღონისძიების აღნიშვნაში? |
ყველას შეუძლია თავისებურად ჩაერთოს ენების ევროპული დღის ზეიმში!
ინდივიდუალურად თუ ჯგუფთან ერთად, რომელიმე ორგანიზაციის (სკოლის ან ასოციაციის) ფარგლებში, ან უბრალოდ მეგობრებთან ერთად, ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია მონაწილეობის მიღება ამ დღის საზეიმო ცერემონიალში. ყველას შეუძლია თავისი წვლილი შეტანა ეედ-ის წარმატებაში, ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებითა თუ სხვებთან ერთად რაიმე ღონისძიების მოწყობით (ოღონდ გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ დაგეგმილი ღონისძიების დეტალების შეტანა ეედ-ის ღონისძიებების კალენდარში). ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე ამგვარი შესაძლო ღონისძიების ნიმუში:
- მოსწავლეები/სტუდენტები: ენობრივი მრავალფეროვნების შესახებ მეტის გასაგებად მოსწავლეებსა და სტუდენტებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ჩვენს გასართობ ონლაინაქტივობებში. იქ განთავსებული თამაშებისა და ვიქტორინების მეშვეობით შეგეძლებათ გაიცნოთ ევროპის სხვადასხვა ენა. თუ გიყვართ მუსიკა, ხომ არ მოაწყობდით რაიმე მუსიკალურ ღონისძიებას, რომლითაც წარმოაჩენდით სხვადასხვა ევროპულ ენასა და მუსიკალურ ჟანრს? ამგვარი წარმოდგენები შეგეძლებათ სხვებსაც გაუზიაროთ ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით.
- მასწავლებლები: ენების, ასევე სხვა საგნების მასწავლებლებს ენების ევროპული დღე სთავაზობს მრავალ შესაძლებლობას: გაეცნონ სხვა ისეთ კულტურებს, ტრადიციებსა და ენებს, რომლებსაც არ ითვალისწინებს სასკოლო მუშაობა; ხელი შეუწყონ მოსწავლეების შემოქმედებით ნიჭს, დაეხმარონ მხატვრული ნაწარმოებების მომზადებაში იმ ენებზე, რომლებზეც შეუძლიათ მეტყველება; შექმნან ლინგვისტური კაფეები, წარმოაჩინონ ყველა ის ენა, რომელზეც კი ლაპარაკობენ მათ სკოლაში ...
- უნივერსიტეტები/სკოლები: ენების ევროპული დღე იძლევა ბრწყინვალე შესაძლებლობას, რომ შეხედოთ უნივერსიტეტს/სკოლას და შესაბამისი ქალაქის შემოგარენს როგორც ადგილს, სადაც ბევრი სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანი ხვდება ერთმანეთს, ცხოვრობს და ურთიერთობს, სადაც ენობრივი მრავალფეროვნება სუფევს. ვთქვათ, რატომ არ შეიქმნას სადისკუსიო ჯგუფები, რომლებიც ერთად შეკრებდნენ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანებს? ინტერნეტის სოციალური ქსელები კარგი გზაა, რომ ასეთი ურთიერთობები ჩამოყალიბდეს, ხოლო თქვენ კი შეგიძლიათ გახდეთ ენების ევროპული დღის ფანი ფეისბუკზეც. სასაზღვრო რეგიონებში მდებარე უნივერსიტეტებსა და სკოლებს შეუძლიათ ექსკურსიების ორგანიზება მეზობელ ქვეყნებში, რაც საშუალებას მისცემს სტუდენტებს შეხვდნენ საზღვრის გადაღმა მცხოვრებ თანატოლებს. სკოლებს ასევე შეუძლიათ მოსწავლეებისთვის მოაწყონ სხვადასხვანაირი კონკურსები, რომლებშიც ყურადღება იქნება გამახვილებული ენების სწავლასა და ენობრივი უნარების გაუმჯობესებაზე.
ყველას შეუძლია რეალურად ჩაერთოს ენების ევროპული დღის ღონისძიებებში ამა თუ იმ ფორმით, თუნდაც ეს გამოიხატოს სხვადასხვა კულტურული წარმომავლობის მეზობლების ჩაიზე დაპატიჟებაში, ან ენების ევროპული დღის აღსანიშნავად სახლის პოსტერებითა და სტიკერებით მორთვაში. ერთ დღეში თქვენ ალაბათ ვერ გახდებით პოლიგლოტი, მაგრამ ეს დღე დაგაფიქრებთ, გაგიფართოვებთ კულტურულ ჰორიზონტს და ნამდვილად იქნება თქვენთვის სასიამოვნო და ნაყოფიერი გამოცდილება!