xxx

რა არის ენების ევროპული დღე?

ენების ევროპული წელიწადი - 2001, რომელიც ერთობლივად მოამზადეს ევროპის საბჭომ და ევროკავშირმა, მეტად წარმატებული აღმოჩნდა იმ თვალსაზრისით, რომ მასში ჩაერთო მილიონობით ადამიანი ევროპის საბჭოს 45 წევრი ქვეყნიდან.  აქტივობების ფარგლებში ჩატარდა დღესასწაული ევროპის ენობრივი მრავალფეროვნებისა  და ენების შესწავლის მხარდასაჭერად.

ამ  წარმატებული წლის ბოლოს ევროპის საბჭომ განაცხადა ენების ევროპული დღის ყოველწლიურად, 26 სექტემბერს, აღნიშვნის შესახებ. ენების ევროპული დღის ძირითადი მიზნებია:

  1. მიაპყროს საზოგადოების ყურადღება ენების შესწავლის მნიშვნელობას, გაზარდოს და მრავალფეროვანი გახადოს შესასწავლი ენების რაოდენობა, რათა იმატოს მრავალენოვნებამ და კულტურებს შორის ურთიერთგაგებამ;

  2. ხელი შეეწყოს ევროპაში მდიდარ ენობრივ და კულტურულ მრავალფეროვნებას, რომელიც უნდა იყოს დაცული და მოვლილი;

  3. წახალისდეს მთელი ცხოვრების მანძილზე ენების შესწავლა, სასწავლო დაწესებულებებში თუ მათ გარეთ, იქნება ეს პროფესიული საჭიროებისათვის, მობილობის, სიამოვნებისა თუ კომუნიკაციისთვის.

2011 წლის 26 სექტემბერს ენების ევროპული დღის (ეედ)  ათი წლის იუბილე აღინიშნა ევროპის საბჭოსა და მის 46 წევრ ქვეყანაში.

ვისთვის აღინიშნება ენების ევროპული დღე?

ევროპის საბჭო იმედოვნებს,  რომ  წევრი ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე  პოტენციური პარტნიორები ამ დღეს აღნიშნავენ სხვადასხვა დონეზე:

  • ენობრივი პოლიტიკის შემქმნელების წრეში (მაგალითად, ენობრივი პოლიტიკის საკითხებისადმი მიძღვნილი კონკრეტული ღონისძიებები და დისკუსიები);
  • ფართო საზოგადოებაში (ეედ-ის ზოგადი მიზნების გაცნობა, მათ შორის    ენების სწავლის მნიშვნელობა მთელი ცხოვრების მანძილზე,  ნებისმიერ ასაკში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამსახურში  და ა. შ.);
  • მოხალისეთა ჯგუფებში (კონკრეტული ღონისძიებები  არასამთავრობო ორგანიზაციების, ასოციაციების, კომპანიებისა და სხვათა მიერ და/ან მათთვის).