რატომ ენების ევროპული დღე?
რატომ ენების ევროპული დღე? |
ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში არასდროს ყოფილა იმაზე მეტი შესაძლებლობა სწავლისა და მუშაობისთვის, როგორც დღეს, მაგრამ ენების არცოდნა ბევრ ადამიანს უშლის ხელს ამ შესაძლებლობების გამოყენებაში.
გლობალიზაცია და ბიზნესის საკუთრების მოდელები გულისხმობს იმას, რომ ეფექტურად მუშაობისათვის მოქალაქეებს სულ უფრო მეტად სჭირდებათ უცხო ენების ცოდნა საკუთარ ქვეყნებშიც კი. მხოლოდ ინგლისურის ცოდნა აღარ არის საკმარისი.
ევროპა მდიდარია ენობრივი მრავალფეროვნებით - აქ 200-ზე მეტი ევროპული ენაა და ბევრად მეტია ისეთი ოჯახები, რომელთა წევრებიც წარმოშობით სხვადასხვა ქვეყნიდან არიან. ეს არის მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც საჭიროებს აღიარებას, გამოყენებასა და ზრუნვას.
ენების შესწავლა სასარგებლოა როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე ხანდაზმულებისთვისაც - არასდროს არ არის გვიან ახალი ენის სწავლა და იმ შესაძლებლობებით დატკბობა, რომელიც ამა თუ იმ ენის ცოდნამ შეიძლება მოგვიტანოს. თუნდაც მხოლოდ რამდენიმე სიტყვა იცოდეთ იმ ქვეყანის ენაზე, რომელსაც ეწვიეთ (მაგალითად, არდადეგებზე), ეს ახალი მეგობრების გაჩენისა და ახალი კონტაქტების დამყარების საშუალებას მოგცემთ.
სხვა ხალხის ენების შესწავლა არის გზა, რომელიც გვეხმარება უკეთ გავუგოთ ერთმანეთს და ჩავწვდეთ ერთმანეთის კულტურულ განსხვავებებს.
მიზნები
ენების ფლობა ყველასთვის აუცილებელი და ყველას უფლებაა - ეს არის ენების ევროპული დღის ერთ-ერთი ძირითადი გზავნილი.
ამ დღის მთავარი მიზანი გულისხმობს ცნობიერების ამაღლებას შემდეგი მიმართულებებით:
- საჭიროა ევროპის მდიდარი ენობრივი მრავალფეროვნების დაცვა და გაძლიერება;
- საჭიროა გაიზარდოს იმ ენების რიცხვი, რომლებსაც ხალხი შეისწავლის (ნაკლებად გავრცელებული ენების ჩათვლით), რის შედეგადაც მიიღწევა მრავალენოვნება;
- საჭიროა ადამიანებმა გაიუმჯობესონ ორი ან მეტი ენის ფლობის დონე, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს თავი იგრძნონ დემოკრატიული ევროპის სრულუფლებიან მოქალაქეებად.
… მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებით გამოცხადდა, რომ ენების ევროპული დღე ყოველწლიურად აღინიშნება 26 სექტემბერს. კომიტეტი იძლევა რეკომენდაციას, რომ ამ დღის ღონისძიებები ჩატარდეს დეცენტრალიზებული და მოქნილი ფორმით, წევრი სახელმწიფოების სურვილებისა და რესურსების შესაბამისად, რაც საშუალებას მისცემს მათ უკეთ განსაზღვრონ საკუთარი მიდგომები, ხოლო ევროპის საბჭო ყოველწლიურად მოამზადებს ზოგად თემატიკას. მინისტრთა კომიტეტი ეპატიჟება ევროკავშირს შეუერთდეს ევროპის საბჭოს ამ ინიციატივას და იმედოვნებს, რომ ეს დღე აღინიშნება ყველა შესაბამის პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება, სტრასბურგი (776-ე შეხვედრა, 2001 წლის 6 დეკემბერი).