ენობრივი ფაქტები

იცით თუ არა, რომ ...?

01მსოფლიოში არსებობს 6000-დან 7000-მდე ენა, რომელსაც იყენებს 189 დამოუკიდებელ სახელმწიფოში მცხოვრები შვიდი მილიარდი ადამიანი.

02ევროპაში ფუნქციონირებს დაახლოებით 225 ადგილობრივი ენა, ანუ მსოფლიოს ენების დაახლოებით 3%.

03მსოფლიოში ყველაზე მეტ ენაზე ლაპარაკობენ აზიასა და აფრიკაში.

04მსოფლიოს მოსახლეობის არანაკლებ ნახევარი ბილინგვი (ორენოვანი) ან პლურილინგვია (მრავალენოვანი), ანუ ლაპარაკობს ორ ან მეტ ენაზე.

05 ევროპელებს თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში სულ უფრო ხშირად უწევთ უცხო ენებზე საუბრის მოსმენა. აუცილებელია ევროპის მოქალაქეებს შორის გაიზარდოს ინტერესი უცხო ენების მიმართ.

06 ბევრი ენის ლექსიკა მოიცავს 50,000 სიტყვას ან მეტს, მაგრამ ცალკეულმა ინდივიდმა ჩვეულებრივ იცის ამ სრული ლექსიკის მხოლოდ მცირეოდენი ნაწილი: ყოველდღიურ საუბარში ადამიანები იყენებენ სულ რამდენიმე ასეულ სიტყვას.

07ენები მუდმივად კონტაქტში არიან ერთმანეთთან და ერთმანეთის ზემოქმედებას განიცდიან: ასე მაგალითად, ინგლისურ ენაში მრავლადაა წარსულში სხვა ენებიდან ნასესხები სიტყვები და გამოთქმები, ხოლო დღეს ევროპულ ენებში მრავლადაა ინგლისურიდან ახლადნასესხები სიტყვა.

08ბავშვი პირველ წელს გამოსცემს ბგერების ფართო სპექტრს; დაახლოებით ერთი წლის ასაკში პირველად წარმოთქვამს გასაგებად სიტყვებს; დაახლოებით სამი წლის ასაკისთვის უკვე რთულ წინადადებებს ამბობს; ხოლო ხუთი წლის ასაკისთვის ბავშვი უკვე რამდენიმე ათას სიტყვას ფლობს.

09როგორც წესი, ადამიანები ყველაზე უკეთ ფლობენ და უმეტესად იყენებენ მშობლიურ ენას. მაგრამ ზოგი შეიძლება იყოს "სრულყოფილი ბილინგვი", ე.ი. ორ ენაზე თანაბრად კარგად მეტყველებდეს. თუმცა, ჩვეულებრივ, ბილინგვების მეტყველებაშიც არ არის სრულყოფილი ბალანსი მათ ორ ენას შორის.

10ბილინგვიზმი მეტად სასარგებლო რამ არის: ის აადვილებს ახალი ენების შესწავლას, ავითარებს აზროვნების პროცესს და ხელს უწყობს სხვა ქვეყნების წარმომადგენლებსა თუ მათ კულტურებთან ურთიერთობას.

11ბილინგვიზმსა და პლურილინგვიზმს ეკონომიკური უპირატესობაც აქვთ: ადამიანისთვის, რომელიც რამდენიმე ენას ფლობს, უფრო ადვილია სასურველი სამსახურის შერჩევა. ამასთანავე, მულტილინგვური კომპანიები უფრო კონკურენტუნარიანები არიან მონოლინგვურ კომპანიებთან შედარებით.

12ენები, ოჯახის წევრების მსგავსად, დაკავშირებული არიან ერთმანეთთან. ევროპული ენების უმრავლესობა ინდო-ევროპული ენების დიდ ოჯახს მიეკუთვნება.

13 ევროპული ენების უმრავლესობა სამ ფართო ენობრივ ჯგუფშია გადანაწილებული. ესენია: გერმანიკული, რომანული და სლავური ენების ჯგუფები.

14 გერმანიკული ენების ოჯახი მოიცავს დანიურ, ნორვეგიულ, შვედურ, ისლანდიურ, გერმანულ, ჰოლანდიურ, ინგლისურ ენებს და იდიშს, ზოგ სხვა ენასთან ერთად.

15რომანული ენებია: იტალიური, ფრანგული, ესპანური, პორტუგალიური და რუმინული სხვა ენებთან ერთად.

16სლავური ენებია: რუსული, უკრაინული, ბელორუსული, პოლონური, ჩეხური, სლოვაკური, სლოვენური, სერბული, ხორვატიული, მაკედონიური, ბულგარული და სხვა.

17 ევროპული ენების უმრავლესობა იყენებს ლათინურ ანბანს. ზოგიერთი სლავური ენა კი - კირილიცას. ბერძნულს, სომხურს, ქართულსა და იდიშს საკუთარი ორიგინალური ანბანები აქვთ.

18 ევროპული ქვეყნების უმრავლესობის ტერიტორიებზე ასევე არსებობს რეგიონული ან უმცირესობათა ენები, ამათგან ზოგიერთს მოპოვებული აქვს ოფიციალური სტატუსი.

19არაევროპულ ენათა შორის, ევროპაში ყველაზე ფართოდ გამოიყენება არაბული, ჩინური და ჰინდი, რომელთაგან თითოეულს აქვს საკუთარი დამწერლობა.

20რუსეთის ტერიტორიაზე (148 მილიონი მოსახლე) ყველაზე ბევრ ენაზე მეტყველებენ: კატეგორიებად დაყოფის კრიტერიუმების მიხედვით 130-დან 200-მდე სალაპარაკო ენაა.

21 მიგრანტებისა და ლტოლვილების გადმოსახლების შედეგად ევროპა დღეს უმეტესწილად მულტილინგვურია. მხოლოდ ლონდონში დაახლოებით 300 ენაზე ლაპარაკობენ (არაბული, თურქული, ქურთული, ბერბერული, ჰინდი, პენჯაბური და ა.შ.).

ახლა, როცა ამდენი ახალი რამ გაიგეთ, ხომ არ ცდიდით მონაწილეობის მიღებას ენობრივ ვიქტორინაში?