ჟესტების ენასთან დაკავშირებული ფაქტები

01

სიტყვა „ყრუ“ ინგლისურად ზოგჯერ დიდი ასოთი იწერება,  ზოგჯერ კი არა. არსებობს ამის რაიმე კონკრეტული მიზეზი?
კვლევებში სიყრუის შესახებ  სიტყვა „Deaf“ როდესაც იწერება დიდი ასოთი,  ნიშნავს ყრუთა თემის წევრობას და პირველად ან უპირატეს ენად ადგილობრივი ჟესტების ენის გამოყენებას, ხოლო როდესაც იწერება პატარა ასოთი, კონკრეტულად იმ ადამიანებს აღნიშნავს, ვისაც აქვთ სმენის დაკარგვის სამედიცინო დიაგნოზი, თუნდაც არ მიაჩნდეთ თავი ყრუთა თემის წევრად და  არც იყენებდნენ ჟესტების ენას (იხილე: „ჟესტების ენები ევროპის განათლების სიტემაში - წინასწარი კვლევა" - “Signed Languages in Education in Europe – a preliminary exploration”, Lorraine LEESON, Dublin. Council of Europe. 2006).

02

ჟესტების ენის ყველა მომხმარებელი აბსოლუტურად ყრუა თუ სმენადაქვეითებული?
არა. ყრუ ადამიანთა შვილები ხშირად სწავლობენ ჟესტების ენას; ხოლო მათი მშობლების დედაენა იქცევა მათ პირველ ენად, ვიდრე რომელიმე  სალაპარაკო  ენას აითვისებენ. ასევე, ყრუ ბავშვის მშობლები და და-ძმა სწავლობენ ჟესტების ენის ხმარებას, რათა გაადვილდეს ბავშვთან ურთიერთობა. არსებობენ ისეთი ადამიანებიც, ვინც ჟესტების ენას სწავლობენ თავისუფალ დროს, რადგან ჰყავთ ყრუ მეგობრები, ან სურთ თარჯიმნის პროფესიას დაეუფლონ, ან  უბრალოდ,  ეს ენა აინტერესებთ.

03

არსებობს თუ არა ერთი უნივერსალური ჟესტების ენა?
არა, ამგვარი რამ არ არსებობს. ჟესტების ენას ბევრი ნაირსახეობა აქვს. ქვეყანაში შესაძლოა ჟესტების ერთზე მეტი ენა გამოიყენებოდეს, ისევე როგორც ზოგიერთი ენის შემთხვევაშია. ასე მაგალითად, ბელგიაში  ჟესტების ორი ენა მოქმედებს (ფრანგულ- ბელგიური ჟესტების ენა და ფლამანდური ჟესტების ენა), ან ესპანეთში (ესპანური ჟესტების ენა და კატალონური ჟესტების ენა). გარდა ამისა, შესაძლოა არსებობდეს  ჟესტების სხვადასხვა ენა იმ ქვეყნებშიც კი, სადაც იგივე სალაპარაკო ენაა, როგორც ეს არის დიდი ბრიტანეთსა და ირლანდიაში. ამის მიზეზი გარკვეული ისტორიული მოვლენებია, რომლებიც განსხვავებულ  პირობებს უქმნიდა ჟესტებისა და სალაპარაკო ენებს.

04

აქვთ თუ არა ჟესტების ენებს  ენობრივი ოჯახები, ისე რომ მათ ფარგლებში შესაძლებელი იყოს ურთიერთგაგება?
დიახ, ჟესტების ენებსაც აქვთ ენობრივი ოჯახები. მაგალითად, ავსტრიული ან ჰოლანდიური ჟესტების ენა  უფრო ადვილად გასაგებია მისთვის, ვინც იცის გერმანული ჟესტების ენა, ვიდრე მისთვის, ვინც ფლობს იტალიურ ჟესტების ენას. ბრიტანული ჟესტების ენა ფრიად განსხვავდება ნებისმიერი სხვა ევროპული ჟესტების ენისგან  და ახლოსაა მხოლოდ ავსტრალიურ ჟესტების ენასთან.

05

არსებობს თუ არა რაიმე საერთაშორისო  ჟესტების ენა, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს "ლინგვა ფრანკად“?
მართლაც არსებობს საერთაშორისო საკომუნიკაციო სისტემა, რომელსაც ხშირად უწოდებენ  საერთაშორისო ჟესტების ენას (International Sign - IS). იგი რეგულარულად გამოიყენება საერთაშორისო კონფერენციებსა და შეხვედრებზე, როდესაც  მონაწილეები სხვადასხვა ჟესტების ენაზე საუბრობენ. ეს დამხმარე ენა რეალურად გამოიყენება, როგორც სხვადასხვა ქვეყნის ჟესტების ენის მომხმარებლების „ლინგვა ფრანკა“, ასევე ზოგჯერ სპონტანურ საუბარშიც. თუმცა ის არ შეიძლება შევადაროთ ესპერანტოს, რადგანაც სინამდვილეში იგი ენას არ წარმოადგენს -  მას არ აქვს ჩამოყალიბებული გრამატიკა ან ლექსიკონი და ის ხშირად იყენებს ჟესტებს, რომლებსაც მნიშვნელობა ენიჭება მხოლოდ იმ კონკრეტულ კონტექსტში, ხოლო გამოყენებული ლექსიკა  მოლაპარაკის მშობლიური ენიდან მომდინარეობს.  ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჟესტებს საზოგადოდ, განმარტება სჭირდება. ამიტომ ხშირად აზრის მკაფიოდ გადმოსაცმად რამდენიმე ჟესტი იხმარება ერთის მაგიერ.

06

ახდენენ თუ არა ჟესტების ენები  წარმოთქმული / დაწერილი სიტყვების უბრალო  რეპრეზენტაციას?
არა.  ისინი სრულფასოვანი ენებია, საკუთარი გრამატიკითა და სინტაქსით. ისევე, როგორც სხვა ენების შემთხვევაში, აქაც არსებობს იდიომები, რომლებიც რთული სათარგმნია და გარკვეული სიტყვები/ჟესტები, რომელთაც არ გააჩნიათ ზუსტი  თარგმანი სხვა (ჟესტების) ენებზე.

07

აქვს თუ არა თითოეულ ჟესტების ენას ნორმირებული ფორმები და სასუბრო ენების ნაირსახეობების მსგავსად, არსებობს  თუ არა განსხვავებული "დიალექტები"?
არაერთი მცდელობა იყო, ევროპის მასშტაბით ჟესტების სტანდარტიზაციის განსახორციელებლად. ისევე, როგორც სასაუბრო ენებთან  მიმართებით, ამგვარი მცდელობები არ ყოფილა წარმატებული და  დიალექტები დღესაც არსებობს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ქვეყნების სხვადასხვა კუთხეში მდებარეობს ყრუ ბავშვთა სკოლები, სადაც იყენებენ გარკვეულ ჟესტებს, რომელთაც ბავშვები შემდეგ ავრცელებენ. ასე მაგალითად, ხშირად განსხვავდება კვირის  დღეების ანდა ფერების აღმნიშვნელი ჟესტები.

08

რამდენი ადამიანი სარგებლობს ჟესტების ენებით ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საკმაოდ რთულია. არ არსებობს სარწმუნო სტატისტიკური მონაცემები თითოეული წევრი სახელმწიფოსთვის. ზოგადი შეფასებით,  ევროკავშირში ცხოვრობს ჟესტების ენების 750,000 ყრუ მომხმარებელი. საშუალოდ, ჟესტების  ენის ყრუ მომხმარებელთა რიცხვი შეადგენს მოცემული ქვეყნის მთელი მოსახლეობის დაახლოებით 0.1%-ს. ეს არ მოიცავს იმ ადამიანებს, რომლებიც საწავლობენ ჟესტების ენას, როგორც მეორე ენას, ან ყრუ მშობლების შვილებსა თუ ოჯახის სხვა წევრებს. ფინეთში, მაგალითად,  სავარაუდოდ 5,000 ჟესტების ენის მომხმარებელია; საფრანგეთში - 100,000; ხოლო რუმინეთში - 20-30,000.

09

არის თუ არა ჟესტების ენებზეც ევროპის საბჭოს მიერ მომზადებული „საერთოევროპული სარეკომენდაციო დოკუმენტი ენებისათვის: სწავლა, სწავლება, შეფასება“ (CEFR), რომელიც  35-ზე მეტ ენაზე არსებობს?  
საფრანგეთის განათლების სამინისტრომ მოამზადა ნაშრომის: „საერთოევროპული სარეკომენდაციო დოკუმენტი ენებისათვის: სწავლა, სწავლება, შეფასება“ (ფრანგული ვერსიის) გარკვეული ნაწილების ადაპტაცია ფრანგული ჟესტების ენისთვის. კერძოდ, ეს მოიცავს ენობრივ დონეებს და დესკრიპტორებს.

10

შესაძლებელია თუ არა ჟესტების ენების ჩაწერა?
დიახ, ჟესტების ენების ჩაწერის სხვადასხვა გზა არსებობს. არ არსებობს ჟესტების ენების ჩაწერის რაიმე სტანდარტიზებული მიდგომა,  მაგრამ ხშირად იხმარება სისტემა (Hamburg Notation System  - HamNoSys), რომელიც იყენებს გარკვეულ სიმბოლოებს ხელის ფორმისა და მოძრაობის აღსაწერად.  არის კიდევ ერთი სისტემა (SignWriting), რომელიც მსგავს პრინციპებს ეფუძნება.  გარდა ამისა,  ასევე ხშირად გამოიყენება ე. წ. „გლოსინგი“ (glossing), რომლის ფარგლებში ჟესტები აისახება დიდი ასოებით დაწერილი სიტყვებით. სიტყვის ზემოთ ან სიტყვის წინ არის სახის გამომეტყველების აღმნიშვნელი მარკერები და გრმატიკული ინფორმაცია. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:
http://assets.cambridge.org/97805216/37183/sample/9780521637183web.pdf (თავი "კონვენციები“), ან

11

სად შეიძლება მეტი ინფორმაციის მოძიება  ჟესტების ენების შესახებ  და როგორ შეიძლება ამგვარი ენის შესწავლა?
ყველაზე უკეთესია, თუ მიმართავთ თქვენს ეროვნულ ყრუთა  ასოციაციას. იქ აუცილებლად მიიღებთ ინფორმაციას, თუ სად შეიძლება ეროვნული ჟესტების ენის შესწავლა. იქვე შეძლებთ გაიგოთ უფრო მეტი ეროვნული ჟესტების ენის შესახებ. ინფორმაციის მოპოვება ყრუთა  ყველა   ასოციაციის შესახებ ევროკავშირში თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ევროპის ყრუთა კავშირის (EUD) ვებგვერდზე:  http://eud.eu/EUD_Members-i-159.html (რუკა). დამატებითი ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია  ყრუთა მსოფლიო ფედერაციის (World Federation of the Deaf) ვებგვერდზეც:  http://www.wfdeaf.org/members/ordinary-members/list-of-members.


გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ მარკ უითლის და ანიკა პაბშს ევროპის ყრუთა კავშირიდან 

(EUD -   www.eud.eu რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ამ სექციის მომზადებაში.